yvarlis mtebi

09:50 Автор: sopo 0 коммент.
სამშობლო მთებო! თქვენი შვილი განებებთ თავსა,

მაგრამ თქვენ ხსოვნას ვერ მივცემ მე დავიწყებასა:

თქვენ ჩემთან ივლით განუყრელად, ვით ჩემი გული,

თქვენთან, ჰე, მთებო, ბუნებითა შეუღლებული!

მახსოვს, ყმა ვიყავ, ძლივს მოსული გონს და ცნობასა,

როს სიდიადე თქვენი მგვრიდა კანკალს, ჟრჟოლასა...

იგი არ იყო შიშის ჟრჟოლა, შიშის კანკალი,

იგი არ იყო ძვრა გულისა მფრთხალი და მხდალი.

მე თრთოლვით ვსჭვრეტდი ლაჟვარდ ცაზედ თქვენსა სიმაღლეს

და შევნატროდი ყმაწვილურად თქვენს ზემო მხარეს;

სადაც ღრუბელნი ვერ ჰბედავდნენ შიშით სრბოლასა.

სადაც ისმენდით ამაყადა გრიგალთ ქროლვასა,

სადაც წეროთა ქარავანი, ცას დაღუპული,

თქვენ თავთან იყო თითქმის ძლივ-ძლივ გასწორებული, —

იქ მე ვნატრობდი, ყმაწვილ ყრმობის სიმარტივითა,

ფრენას და ტანტალს თქვენს საშინელ გრიგალივითა.

ვნატრობდი ხოლმე, რომ ვეხვიო სუბუქსა ქარსა,

ან თავისუფალ არწივისა ძლიერსა ფრთასა,

რომ აღმოვფრინდე და შევეხო თქვენს ამაყ თავსა.


როცა ჰღმუოდნენ ხევში მძვიფრნი სასტიკნი ქარნი,

ვითარ მრისხანე დაჭრილ ლომთა საშიშნი ხმანი,

ვითა ფოთოლი — ისე ვთრთოდი, ვუგდებდი რა ყურს,

იმ ხმებში ვგრძნობდი მე რაღაცას ნაცნობს, მშობლიურს.

თუ მაშინ ყრმისთვის უცხო იყო თავმოწონება,

აწ მომწონს თავი, მეგობრებო, რომ დაბადება

თქვენს შორისა მხვდა, ბუნებისა თქვენის ვარ შვილი,

გრიგალთა, მეხთა, ქუხილთ შორის ქართვლად გაზრდილი.

როს ყმაწვილური მწუხარება ჩემს ყმაწვილურს გულს

სჩაგრავდა ხოლმე, თქვენ-წინ ვღვრიდი ჩემ ცრემლთ ნაკადულს,

თქვენ შეგჩიოდით, შეგტიროდით, თუმც კი იმ ჩემს ცრემლს,

როგორცა ეხლა, ისე მაშინ არ სცემდით ნუგეშს...

და ეს აჩრდილნი საოცნებელთ წარსულთა წამთა

ჩემს სიკვდილამდე მემარხება გულშია ღრმათა!..


რარიგ მიყვარდით, მეგობარნო ჩემ ყმაწვილ ყრმობის,

და აწ მაშორებს თქვენთან ვალი ამ წუთის-სოფლის,

მომავლის ბედი გაყრას ითხოვს ჩემგან მსხვერპლადა

და რას მომთხოვდა უარესსა დასასჯელადა?!

ყოვლი ნაბიჯი ჩემის ცხენის თქვენთან მაშორებს,

ყოველი წუთი გკარგავს თქვენა და მეც მაობლებს...

აგერ თქვენც ჰქრებით თანდათანა... თქვენსა მწვერვალსა

ძლივს ვარჩევ... წუთიც!.. მხოლოდღა ვსჭვრეტ ციაგსა ცასა.

ამაოდ ვებრძვი მანძილსა და ჰაერის სისქეს

და მოუსვენრად ვატანტალებ მწუხარს თვალსა ჩემს!..

თქვენნი მწვერვალნი აღარ სჩანან და მშვენივრად ცას

აღარ უმკობენ ერთნაირსა ციაგს კამარას!..


მშვიდობით, ჩემნო, თვალში ცრემლით განებებთ თავსა...

უცხოეთიდამ კვლავ მოგაწვდენთ ჩემს გულს და თვალსა;

კვლავ გაგიღიმებთ შორ ქვეყნიდამ თქვენ ჩემი სული,

და დამიწყებსცა სიყვარულით ფეთქასა გული.


1857 წ.

ilia chavchavadze

09:48 Автор: sopo 0 коммент.

elegia

09:45 Автор: sopo 0 коммент.
მკრთალი ნათელი სავსე მთვარისა
მშობელს ქვეყანას ზედ მოჰფენოდა
და თეთრი ზოლი შორის მთებისა
ლაჟვარდ სივრცეში დაინთქმებოდა.
არსაიდამ ხმა, არსით ძახილი!..
მშობელი შობილს არრას მეტყოდა,
ზოგჯერ-კი ტანჯვით ამოძახილი
ქართვლის ძილშია კვნესა ისმოდა!
ვიდექ მარტოკა... და მთების ჩრდილი
კვლავ ჩემ ქვეყნის ძილს ეალერსება...
ოხ, ღმერთო ჩემო! სულ ძილი, ძილი,
როსღა გვეღირსოს ჩვენ გაღვიძება?!

09:42 Автор: sopo 0 коммент.


ილია ჭავჭავაძე დაიბადა კახეთში, სოფელ ყვარელში. მისი მშობლები თავადები იყვნენ. მამა – გრიგოლ ჭავჭავაძე იმდროისათვის დიდად განათლებული პიროვნება გახლდათ, დედა – მარიამ ბებურიშვილი კი ქართული ლიტერატურის უბადლო მცოდნე ყოფილა, მას სულ ზეპირად სცოდნია თითქმის ყველა ლექსი, ყველა ძველებური მოთხრობა და რომანი, რომელიც მაშინ იშოვებოდა. დედა შვილებსაც უნერგავდა მშობლიური ლიტერატურის სიყვარულს. მაგრამ ილიას პატარობაშივე გარდაცვლია ჯერ დედა, მალე კი მამაც. დაობლებული ილია და მისი და-ძმები მამიდა მაკრინემ წაიყვანა აღსაზრდელად. რომ წამოიზარდა, ილია ჯერ კერძო პანსიონში, შემდეგ კი თბილისის ვაჟთა გინმაზიაში მიაბარეს სასწავლებლად, რომელიც მან წარმატებით დაამთავრა. ადრე საქართველოში უმაღლესი სასწავლებლები არ იყო და ამიტომ, ვისაც სწავლის გაგრძელება უნდოდა, რუსეთში უნდა წასულიყო. ილიაც დაადგა შორეულ გზას რუსეთისაკენ. სწორედ ამ დროს დაიწერა მისი ერთ-ერთი ცნობილი ლექსი „ყვარლის მთებს“, რომლითაც ილია ემშვიდობებოდა თავის სამშობლოს მთელი ოთხი წლით.
პეტერბურგი იმ დროს რუსეთის დედაქალაქი იყო, იქ ცნობილი უნივერსტეტი მდებარეობდა. ილია იურიდიულ ფაკულტეტზე ჩაირიცხა. მან იცოდა, რომ სამშობლოს განათლებული ადამიანები სჭირდებოდა. ამიტომ დაუღალავად შრომობდა, ბევრს მეცადინეობდა, კითხულობდა. მან თავის გარშემო შემოიკრიბა პეტერბურგში მყოფი ქართველები, რომლებიც მასავით ცოდნის გასაღრმავებლად ჩასულიყვნენ იქ. ისინი ერთად ფიქრობდნენ საქართველოს მომავალზე და იმაზე, თუ რითი შესძლებდნენ დახმარებოდნენ სამშობლოს.
სწავლის დასრულების შემდეგ ილია სამშობლოში დაბრუნდა. მას ძალიან ბევრი რამის გაკეთება სურდა. საქართველო იმ დროს მეტად მძიმე მდგომარეობაში იყო: რუსეთის იმპერიას უკვე დიდი ხანია გაეუქმებინა მეფობა, აღარც ეკლესია იყო დამოუკიდებელი, წირვა-ლოცვა რუსულად ტარდებოდა, არ არსებობდა ქართული სკოლები. იმ სკოლებში კი, რომლებიც მაშინ საქართველოში იყო, მხოლოდ რუსულად ასწავლიდნენ. ბევრმა ადამიანმა წერა-კითხვა არ იცოდა.
ილიამ და მისმა მეგობრებმა დააარსეს „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება“, რომელიც სრულიად უსასყიდლოდ ასწავლიდა ხალხს წერა-კითხვას, ურიგებდა წიგნებს. ილია ჭავჭავაძის მონდომებით დაარსდა ასევე ქართული ჟურნალი, რომელსაც „საქართველოს მოამბე“ ერქვა, მასში გამოჩენილი ქართველი მწერლების ლექსები, მოთხრობები, პოემები, წერილები იბეჭდებოდა. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ილიას დანიშვნა სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის თავმჯდომარედ, ეს ბანკი ილიამ ეროვნულ ბანკად აქცია, რომელიც უდიდეს ფულად დახმარებას უწევდა საქართველოს ყველა ძირითად საზოგადოებრივ-კულტურულ თუ საგანმანათლებლო დაწესებულებას.
იმდროინდელ საქართველოში რუსი ჩინოვნიკები ყველანაირად ცდილობდნენ, ჩაეკლათ ქართული სიტყვა, ქართული სული, ქართულად ლაპარაკსაც კი სირცხვილად თვლიდნენ. და ამ ფონზე ილიამ დააარსა ქართული თეატრი, სადაც იდგმებოდა პიესები ქართულად ქვეყნისათვის საჭირბოროტო თემებზე. ასევე გაიხსნა ქართული გიმნაზია და წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სკოლა.
ამ მრავალმხრივ საქმიანობასთან ერთად ილია არ ივიწყებდა მწერლობას. მან დაგვიტოვა უამრავი ლექსი, პოემები, მოთხრობები, წერილები, რომელთა ერთადერთი ტკივილი და საზრუნავი საქართველო და მისი მომავალი იყო, მათში ილიამ დაგვისახა გზა, რომლითაც უნდა ვიაროთ, თუ გვინდა, რომ ჩვენი სამშობლო ძლიერი, თავისუფალი და გაბრწყინებული იყოს. მაგრამ საქართველოს მხოლოდ მოყვრები როდი ჰყავდა. საქართველოს ფარული თუ აშკარა მტრები ილია ჭავჭავაძესაც მტრობდნენ.
ერთხელ, როდესაც ილია თავის მეუღლესთან – ოლღასთან ერთად ეტლით თბილისიდან საგურამოს მიემგზავრებოდა, წიწამურთან მათ წინ გადაუდგნენ შეიარაღებული პირები და თოფები ეტლში მყოფთაკენ მიმართეს. ილია ფეხზე წამოდგა და დაუძახა: „რას სჩადით? ილია ვარო“. „ილია რომ ხარ, იმიტომ უნდა მოგკლათო“, - უპასუხნიათ ჯალათებს და სროლა აუტეხიათ. ილია და მისი მოურავი იქვე გარდაიცვალნენ, ხოლო ოლღა მძიმედ დაიჭრა.
ეს საშინელი ამბავი ელვასავით მოედო მთელს საქართველოს. გლოვითა და ტირილით აივსო სახლები. ილიას ხომ ყველა საქართველოს მამად, უგვირგვინო მეფედ თვლიდა. „საქართველო დაობლდაო“, ასე შეაფასეს მაშინდელმა ქართველებმა ილიას სიკვდილი. გასვენებაზე ქუჩები გაჭედილი იყო ხალხით, ყველას სურდა, უკანასკნელი პატივი მიეგო სათაყვანო მამულიშვილისათვის. ქართველმა ერმა თავისი მოწიწება და სიყვარული იმით გამოხატა, რომ ილიას ნეშტი თბილისის ერთ-ერთ უწმინდეს ადგილას – მთაწმინდაზე დაკრძალა. ხოლო რამოდენიმე წლის წინ საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ იგი წმინდანთა დასში შერაცხა და უწოდა წმინდა ილია მართალი.